ტატა ჯიქია, ქუთაისის #3 საბავშვო ბაღის მეთოდისტი
„გასულ წელს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელშეწყობით, ჩაგვიტარდა ტრენინგი გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. ტრენინგების დასრულების შემდეგ, მოვამზადეთ მცირე სათემო-საინიციატივო პროექტები საკითხის სოციალიზაციისთვის.
სკოლამდელი ასაკი არის პერიოდი, როცა ყალიბდება ბავშვის ცნობიერება, გადავწყვიტეთ თემის გაძლიერება ოჯახური კეთილდღეობის კუთხით.
ვინაიდან ოჯახური გარემო არის ისეთი სივრცე, სადაც თვალსაჩინოა გენდერული უთანასწორობა, გვინდოდა, რომ თანასწორობის საკითხი ამ კუთხით გაგვეძლიერებინა. ოჯახურ გარემოში სტერეოტიპების დამსხვრევა ჯანსაღ, დაბალანსებულ და კეთილგანწყობილ გარემოს ქმნის, ამიტომაც ამ პროცესის დაწყება ბაგა-ბაღში ძალიან მნიშვნელოვანია.
როლური თამაშების ხელშეწყობის მიზნით, ჯგუფში მოვაწყვეთ მცირე ზომის საოჯახო კუთხეები. ინვენტარი პროექტის ფარგლებში დაგვიფინანსდა. ამ აქტივობამ ბავშვების მხრიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. აქტიურად ჩაერთნენ და აღნიშნული სივრცე, სადაც შინსაქმეს ბავშვები თანაბრად ინაწილებენ არ კარგავს აქტუალობას.
ბავშვებმა საუკეთესოდ გაინაწილეს როლები და სხვადასხვა ახალ გამოცდილებაში მოსინჯეს თავი. განსაკუთრებული ყურადღება ბიჭებზე გვქონდა გამახვილებული, მათი ჩართულობა წახალისებული იყო უფროსების მიერ და ამან შეუწყო ხელი იმ უხერხულობის გაფანტვას, რაც პირველ ეტაპზე ბიჭებს დაეუფლათ.
სხვათა შორის, ოჯახის გავლენები თამაშის დროსაც გამოიკვეთა. ზოგი ბიჭი დაუყოვნებლად ჩაერთო და კომპლექსის გარეშე შეძლო სხვადასხვა კუთხეებში თამაში. ზოგმა კი, დისტანცია დაიჭირა და მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც ეს ბულინგის და დაცინვის საგანი კი არ გახდა, არამედ, წახალისდა სხვებისგან.
ძალიან მოგვწონს ის ფაქტი, რომ ბიჭები უკვე სახლშიც ითხოვენ საოჯახო საქმეში ჩართულობას. რაც ყველაზე მთავარია, ეს მოწონთ მშობლებს და ვფიქრობთ, რომ ფუჭად არ ჩაუვლია ჩვენს ძალისხმევას და მიზანს, რომ წავახალისოთ ბავშვებში თანაბარი პასუხისმგებლობების და როლების გადანაწილება, მივაღწიეთ.
სასწავლო დაწესებულების როლი განუსაზღვრელია ბავშვების ცნობიერების ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს ბავშებთან ურთიერთობაში. ვფიქრობ, რომ პიროვნებად ფორმირების პროცესი ადრეული ასაკიდან იწყება და აუცილებელია, სკოლამდელმა დაწესებულებამ პოზიტიური გავლენებით ამაში შეუწყოს ხელი.
სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგოებში აშკარა ზრდა შეინიშნება. ადრე თუ რაღაც წარმოდგენებზე მყარად ვიდექით, ახლა ვხედავთ შეცდომებს და კრიტიკულად ვუდგებით. ადრე თუ გოგოსა და ბიჭს ჩვენით ვუსაზღვრავდით რა ფერის ნივთი აეღო, ან რა სათამაშოთი ეთამაშა, ახლა პირიქით, ბავშვის ინტერესი არის გათვალისწინებული და თანასწორობის პრიციპებზე აგებული ურთიერთობები გვაქვს.“
ისტორია მომზადდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ პროექტის „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.