COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებები და ხშირად დასმული კითხვები

COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებები და ხშირად დასმული კითხვები

2 ივნ 2020

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ წარმოგიდგენთ ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებებსა და ხშირად დასმული კითხვებს.

მიმდინარე წლის 21-25 მაისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ (NCCE) მოსახლეობისგან მიიღო 350-ზე მეტი შეკითხვა კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. შინაარსობრივად ერთმანეთის მსგავსი შეკითხვები გაერთიანდა ზოგად კითხვებად, დაჯგუფდა თემატური საკითხების მიხედვით და მათზე შემუშავდა სარეკომენდაციო ხასიათის პასუხები.

პროგრამა ითვალისწინებს სამი ძირითადი მიმართულებით დახმარებას:

(1) სოციალურად დაუცველების დახმარება, რომელიც თავის მხრივ იყოფა ორ ქვეკატეგორიად: (ა) შშმ პირების დახმარებად და (ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებად;

(2) შემოსავლის დაკარგვის/შემცირების კომპენსაცია, რომელიც იყოფა სამ ძირითად ქვეჯგუფად: (ა) თვეში 200 ლარიანი დახმარება იმ პირებისთვის, ვინც ვეღარ იღებს ხელფასს, (ბ) 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მეწარმე სუბიექტებს, ვისაც გააჩნდათ ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში და (გ) 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია იმ პირებს, რომლებიც ან მუშაობდნენ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ან გააჩნდათ არარეგისტრირებული შემოსავალი სხვა წყაროდან;

(3) მიწის მესაკუთრეთა სტიმულირება, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული კატეგორიის მიწის მესაკუთრეებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვას.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ კვლავ მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ კომპენსაციის მისაღებად კონკრეტული საკითხების გარკვევაში, მათ შორის განაცხადის შევსებაში.

დოკუმენტის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს USAID, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ის შეხედულებებს. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი.