რა აწუხებს ხალხს საგარეჯოში?

რა აწუხებს ხალხს საგარეჯოში?

30 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს საგარეჯოში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ვაქვეყნებთ საგარეჯოში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს

⭕️სიღარიბე და უმუშევრობა

o   უმუშევრობა და სიღარიბე ყველაზე მწვავე პრობლემებია და წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა;

o   პანდემიის შედეგად კერძო ბიზნესების დაზიანებამ  კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა;

o   სოფლის მეურნეობის პროდუქტს ფასი არ აქვს და, შრომის მიუხედავად, სოფლად მაინც ღარიბები არიან;

o   ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა არ არის, მხოლოდ თბილისში ან საზღვარგარეთ შეიძლება დასაქმებაზე ფიქრი. ეს ოჯახებს განსაკუთრებით დიდ დარტყმას აყენებს;

o   ბავშვებისთვის მიცემული 200-ლარიანი დახმარება მხოლოდ მცირე შეღავათი გამოდგა ოჯახებისთვის;

o   პენსიონრები, შშმ პირები და მათი ოჯახები განსაკუთრებით ღარიბები არიან;

o   სოციალური დახმარების სისტემა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული დასაქმებასა და ოჯახების სიღატაკიდან ამოყვანაზე.

 

⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი

 

o   სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და ხელმისაწვდომი არ არის;

o   ადგილობრივ ექიმებს და ლაბორატორიებს არ ენდობიან და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიმართავენ.

⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა

o   მასწავლებლების სერტიფიცირების მიუხედავად, პრაქტიკაში მაინც  სწავლების მოძველებული მეთოდები გამოიყენება;

o   მასწავლებლებს არ აქვთ მოტივაცია, რეპეტიტორობა უფრო აინტერესებთ, რადგან უფრო შემოსავლიანია;

o   რეპეტიტორის გარეშე ხარისხიანი საშუალო განათლების მიღება ძალიან რთულია და რეპეტიტორებისათვის ფინანსები ცოტას აქვს;

o   ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენა სათანადოდ არ ისწავლება, რაც ბევრ პრობლემას ქმნის;

o   დასაქმებისათვის პროფესიული განათლება, თუნდაც პროფილური, უფრო ნაკლებად ფასობს, ვიდრე უმაღლესი განათლება.

⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა

o   სასმელი წყალი, გზები, კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა კვლავაც არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი;

o   ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი არ კონტროლდება და უხარისხო ნამუშევარი ისევ მალე ფუჭდება;

o   ინფრასტრუქტურული პროექტები გაჭიანურებულია;

o   ინფრასტრუქტურა შერჩევით წესრიგდება - ჯერ იმ ადგილებში, სადაც გავლენიანი პირები ცხოვრობენ.

⭕️სახელმწიფო სერვისები და პროგრამები

o   სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებისგან დიდი შეღავათი არაა;

o   სოციალურად დაუცველების პროგრამაში ჩართვა სამართლიანად და საჭიროების მიხედვით არ ხდება;

o   სახელმწიფო სერვისები დროში გაწელილია და მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ მათზე უკეთ უცხოელებს ემსახურებიან.