თელავი
ვაჟა-ფშაველას ქ. #3
599110501
თელავის ცენტრი ემსახურება კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს – თელავი, ახმეტა, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი და ყვარელი, რომლებშიც მოსახლეობის რიცხოვნობა 314 700 მოქალაქეს შეადგენს.
ცენტრის მისამართია ვაჟა ფშაველას ქ. #3;
ცენტრი გთავაზობთ ორი ტიპის შეხვედრების სივრცეს:
§ დიდი საკონფერენციო ოთახი - 60 ადამიანისთვის
· თეატრალური - 60
· საკონფერენციო - 25
· U-ფორმის - 25
· ვორქშოპი - 25
§ მცირე საკონფერენციო ოთახი - 12 ადამიანისთვის
თელავის ცენტრი გაიხსნა 2011 წლის 14 დეკემბერს.
ცენტრში გახსნის დღიდან დღემდე გაიმართა 3353 შეხვედრა 83800 პირის მონაწილეობით. ცენტრის ინიციატივით ჩატარდა 180 დისკუსია, როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.
გახსნის დღიდან ცენტრი თავის რესურს მიმართავს ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების, აქტივისტების და ქალთა ჯგუფების გასაძლიერებლად, რათა მათი ინიციატივები და საქმიანობა იყოს ეფექტური ისეთი სტრატეგიების შესაქმნელად, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას.
ცენტრის ბაზაზე შეიქმნა „ქალთა კლუბი“. აღნიშნული კლუბის რამდენიმე წევრმა, როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა კენჭი იყარა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ამავე ჯგუფის მუშაობის შედეგად შეიქმნა თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება.
ჩვენი ხელშეწყობით დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თელავი ჩემი ქალაქია“, რომელიც ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ საკითხებზე მუშაობს და ამ პრობლემებს ცენტრში დაინტერესებულ მხარეებთან განიხილავს.
თელავის ოფისის წარმომადგენლობა განსაკუთრებულ რესურსებს მიმართავს შშმ პირთა უნარებისა და ცოდნის გასაძლიერებლად და ემიჯნება ქვეყანაში არსებულ დისბალანსს, რომელიც ხელს უშლის შშმ პირების პოტენციალის სრულფასოვან განხორციელებას. ამის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია მარტოხელა დედა - ნინო მაისურაძე, რომელიც ცენტრის დახმარებით წინ აღუდგა „არაადაპტირებულ გარემოს“ და შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი „ლამპარი“ დაარსა.
ცენტრი აქტიურადაა ჩართული თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაში, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს ყოველი მოქალაქე მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა თანაბრად უნდა სარგებლობდეს იმ უფლებებითა და მოვალეობებით, რომლებიც მათ გარანტირებული აქვთ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
გახსნის დღიდან ცენტრი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამტარ რგოლს წარმოადგენს, სადაც საქმიანობის ანგარიშის ჩაბარებას პერმანენტული ხასიათი მიეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ორმხრივ დიალოგს ადრე თუ ცენტრის წარმომადგენლობა უკეთებდა ორგანიზებას, ახლა ეს შეხვედრები თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირების ინიციატივით ხდება.
მეორე წელია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ცენტრი „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ (UNFPA) იმპლემენტატორია რეგიონში და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პერიოდულად აცხადებს საგრანტო პროგრამებს საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, და გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის ოქტომბერში, თელავში, ახალგაზრდული ფესტივალის ჩატარება და საგრანტო კონკურსის გამოცხადება იგეგმება.
თელავის ოფისი მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციასაც ითავსებს, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე ქვეყანაში არსებულ პრობლემებს მრგვალი მაგიდის გარშემო ყველა ერთად განიხილავს.
ცენტრში არსებულ კომპიუტერულ ლაბორატორიასა და ბიბლიოთეკაში ახალგაზრდული სივრცეა შექმნილი, სადაც ინტენსიურად ხდება აქტუალური საკითხების განხილვა და პრეზენტაციების მომზადება.
ამომრჩევლის ინფორმირების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საზოგადოებასთან შეხვედრების და მედიისთვის საარჩევნო პროცესების ოპერატიულად გაშუქების მიზნით, თელავის წარმომადგენლობის ოფისში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო მედია ცენტრი გახსნა.
მედია ცენტრი ემსახურება პოლიტიკური პარტიებისა და მედიის ყველა წარმომადგენელს; ასევე როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლებს. იგი მოიცავს ინტერვიუების და პრეს-ბრიფინგების ოთახს. ცენტრში არის მედიის სამუშაო ოთახი, რომელიც აღჭურვილია ინტერნეტით, WI-FI - მომსახურებით და ტელევიზორით.
მეშვიდე წელია თელავის ცენტრი თავისი მისიის ფარგლებში, თვითრეალიზაციის, თავისუფალი აზრის, მოქალაქეობრივი კულტურის ზრდის, მრგვალი მაგიდებისა და ტრენინგ-სემინარების ჩატარების ადგილად რჩება.