"რა არის ფემინიზმი?" - შეხვედრა რუსთავის ოფისში

28 იან 2019

2019 წლის  25  იანვარს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში ჩატარდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელ დირექტრორთან,  ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ და ქალთა უფლებების აქტიურ დამცველთან ბაია პატარაიასთან, თემაზე: „რა არის ფემინიზმი?“ საუბარი, ძირითადად, თანამედროვე ქართულ ფემინისტურ მიმდინარეობასა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაეთმო.                                 

სპიკერმა განაცხადა: „ბევრს მიაჩნია, რომ ფემინიზმი არის თავსმოხვეული მიმდინარეობა, რომელსაც ქართულ რეალობაში არ აქვს საფუძველი, ეს არის უფრო წამხედურობა და მოდა. თუმცა ჩვენს ქვეყნანაში  ფემინიზმს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია“. ამის შემდეგ ბაია პატარაიამ გაიხსენა XIX-XX საუკუნეში მოღვაწე ქართველი ქალბატონები - ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი და ეკატერინე მიქელაძე, რომლებიც ერთ-ერთ პირველ ფემინისტებად მიიჩნევიან. მან ასევე მოსწავლეებს აჩვენა დოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიებიდან“ ფრაგმენტები და მათთან ერთად განიხილა მასში მოთხრობილი ისტორიები საქართველოში მოღვაწე ფემინისტ ქალებზე, რითაც დაადასტურა,რომ ფემინიზმს საქართველოში ას წელზე დიდი ხნის ისტორია აქვს.                                                                                                

შეხვედრისას გაიმართა ცხარე დისკუსია  ახალგაზრდებმა ძალიან ბევრი შეკითხვა დასვეს.  ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა ფემინიზმისა და რელიგიის  ურთიერთ მიმართებას. კერძოდ, მე-15 საჯარო სკოლის მოსწავლეს თიკა ტყემალაძეს აინტერესებდა, ეწინააღმდეგება თუ არა ფემინიზმის არსი  მართმადიდებელ რელიგიას.  რაზედაც ბაია პატარაიამ უპასუხა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში. შესაბამისად  ეკლესია არ უნდა ერეოდეს ასეთ საკითხებში, რადგან ქალი და კაცი სახელმწიფო კონსტიტუციის მიხედვით თანასწორია.                                                                                 

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის საჯარო სკოლის უფროსკლასელები და მათი ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, შსს ქვემო ქართლის სამმართველოს  და შსს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამმართველოს უბნის  ინსპექტორ-გამომძიებლები.