„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ქსელის“ რეგიონული ოფისებით სარგებლობის წესები.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რეგიონული ოფისების გამოყენების პირობები რეგულირდება წინამდებარე დოკუმენტით. სარგებლობის წესები უზრუნველყოფს სამართლიანობას და ბალანსს მხარეებს შორის ცენტრების გამოყენებისას. სარგებლობის წესები და მასში მოცემული დებულებები საჯაროა და გამოქვეყნებულია, როგორც ყველა ცენტრში, ასევე ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.ორგანიზაციის ვებ-გვერდზე არსებული დაჯავშნის ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია სასურველ ცენტრში დაგეგმოთ და განახორციელოთ სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო-საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი, სამოქალაქო ჩართულობისა და სხვა ტიპის ღონისძიებები.

ტერმინთა განმარტება

ცენტრი – „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რეგიონული ოფისი.
შეხვედრების დიდი ოთახი – სივრცე, რომელიც ცენტრში გამოყოფილია ფართო აუდიტორიისთვის (დამსწრეთა შესაძლო რაოდენობა მერყეობს ორმოციდან ოთხმოც ადამიანამდე ცენტრების მიხედვით).
შეხვედრების მცირე ოთახი – სივრცე, რომელიც გამოყოფილია ცენტრში მცირემასშტაბიანი შეხვედრებისთვის (15-20 ადამიანისთვის).
ცენტრის კოორდინატორი – პირი, რომელიც კოორდინირებას უწევს და პასუხისმგებელია ცენტრის ყოველდღიურ მუშაობაზე.
დამქირავებელი – პირი/ორგანიზაცია, რომელმაც მიიღო დადასტურება ცენტრით სარგებლობის მოთხოვნაზე და სარგებლობს ცენტრის მომსახურებით.


ცენტრებში არსებული სივრცე და სარგებლობის წესები:

  • ცენტრებში არსებული სივრცეების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;
  • ცენტრებში გამართული ღონისძიებები და აქტივობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო კანონმდებლობას;
  • ცენტრებში არსებული სერვისების დაჯავშნა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (www.ncce.ge; www.centers.ge);
  • მოთხოვნა ჯავშანზე დადასტურებულად ითვლება, როდესაც ვებ-გვერდზე ჯავშნის განმახორციელებელი წერილობით დასტურს მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
  • იმ შემთხვევაში, როდესაც დამქირავებელი გეგმავს ღონისძიების ფარგლებში დამატებითი მომსახურების გამოყენებას, რომელიც ცდება ცენტრების კომპეტენციას, მომსახურების შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ცენტრების თანამშრომელთა, მონაწილეთა და სხვა პირების უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოს ზიანის ანაზღაურება ცენტრების ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში;
  • ცენტრების სივრცეების გამოყენების პარალელურად, დამქირავებელს შეუძლია ისარგებლოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ უზრუნველყოფილი კვებითი მომსახურებით, ასევე ფოტო და ვიდეო გადაღებით;
  • სივრცეებითა და სხვა სერვისებით სარგებლობის მოთხოვნა ხორციელდება ელექტრონულად ორგანიზაციის ვებ-გვერდიდან (http://ncce.ge/ka/book).
    კვებით მომსახურების თავად უზრუნველყოფის შემთხვევაში, დამქირავებელმა უნდა გადაიხადოს ორგანიზაციის მიერ დადგენილი საკომისიო, რომელიც განისაზღვრება დამსწრეთა რაოდენობის პროპორციულად;
  • ღონისძიების ჩატარების თარიღისა და დროის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ წერილობით (ელ-ფოსტის მეშვეობით);
  • ცენტრი პასუხისმგებელია სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფაზე.

 

ცენტრების ოფისებით უფასოდ სარგებლობენ:

  • ადგილობრივი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (ა(ა)იპ)/არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა მიზანი არ არის მოგების მიღება;
  • ადგილობრივი მედია;
  • ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფები;
  • მოქალაქეები და თემის ლიდერები;
  • სათემო ორგანიზაციები;
  • ადგილობრივი მთავრობა, ადგილობრივი სსიპ-ები და მუნიციპალური ა(ა)იპ-ები;
  • სკოლის მოსწავლეები, სტუდენტური კავშირები და სასკოლო კლუბები.

ამ კატეგორიის წარმომადგენლები შეხვედრების დიდი ოთახით სარგებლობენ უფასოდ თვეში ერთხელ (ერთი ღონისძიება). ლიმიტი მომდევნო თვეზე არ გადადის.

შეღავათები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ჯგუფი ატარებს ღონისძიებას, რომელიც ა) ფასიანია მათი სტუმრებისთვის/მონაწილეებისთვის, ბ) ხორციელდება დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელშიც გათვალისწინებულია ფართის დაქირავების თანხა.

50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე კომერციული ორგანიზაციები კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებისთვის.

ფასიანი ღონისძიებების თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ხელშეკრულების, ინვოისის და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. დამქირავებელი ვალდებულია ანგარიშსწორება განახორციელოს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა.

 

შეღავათის მიღების მიზნით სხვა ორგანიზაციის სახელით ცენტრის დაჯავშნა აკრძალულია!

 

ცენტრებში აკრძალულია:

  • აზარტული ღონისძიებების მოწყობა;
  • ცენტრების რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, იძულებითი ასიმილაციის ან რელიგიური რიტუალების ჩატარების მიზნებისათვის გამოყენება;
  • კედლებზე რაიმე საგნ(ებ)ის მიმაგრება, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა;
  • „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ პასუხისმგებელი არ არის ცენტრებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილე პირების ჯანმრთელობის დაზიანებაზე, პირად ნივთებზე, რომლებიც შეიძლება დაიკარგოს ან დაზიანდეს ღონისძიების მიმდინარეობისას ან მის შედეგად.

 

პასუხისმგებლობა და მოვალეობები დამქირავებლის უფლება-მოვალეობები:

  • დამქირავებელი ვალდებულია დაიცვას ამ დოკუმენტში მოცემული წესები;
  • დამქირავებელი პასუხს აგებს ცენტრის ინფრასტრუქტურის, მოწყობილობების და სხვა რესურსების დაზიანებასა ან განადგურებაზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღონისძიების მიმდინარეობისას ან მის შედეგად. პასუხისმგებლობა გულისხმობს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის ზიანის ანაზღაურებასაც;
  • ცენტრის კოორდინატორი უზრუნველყოფს, რომ დამქირავებელმა სივრცით ისარგებლოს ღონისძიების ჩატარებამდე ნახევარი საათით ადრე; ცენტრებში უფასო მომსახურებით სარგებლობისას სივრცეების მოწყობა ღონისძიებისთვის, ავეჯის გადაადგილება და სხვა მოსამზადებელი სამუშაო არის დამქირავებლის ვალდებულება;
  • ღონისძიების მონაწილეებმა არ უნდა მიმართონ უკანონო ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მათი, ცენტრის თანამშრომლების ან მესამე პირების უსაფრთხოებას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან ქონებას. ასეთი ქმედება გამოიწვევს ცენტრის გამოყენებაზე ამ პირის/ჯგუფისთვის/ორგანიზაციისთვის უარის თქმას;
  • დამქირავებელს ეკრძალება საკუთარი ღონისძიებების ჩასატარებლად „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ და მისი დონორების ლოგოების, საიდენტიფიკაციო მონაცემების ან სხვა ინფორმაციის გამოყენება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უკანასკნელი მათი დონორი ან პარტნიორია;
  • დამქირავებელი თავად ახდენს ღონისძიების მონაწილეთა, ასევე მედიის ინფორმირებას, თუ წინასწარი შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან, დამქირავებელი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ წარმომადგენელი, თუ ღონისძიებაზე მოწვეულია მედია.
  • დამქირავებელი ვალდებულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ კოორდინატორს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია ღონისძიების დასახელების, მისი შინაარსის და ღონისძიებაზე დამსწრეთა პირების ჯამური რაოდენობის (მათ შორის ქალის/კაცის/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების) შესახებ.

 

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ უფლება-მოვალეობები:

  • „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ კოორდინატორის მეშვეობით უზრუნველყოფს ყველა მხარისთვის თანაბარ შესაძლებლობებს, თანასწორ და სამართლიან მიდგომას;
  • დაუშვებელია დამქირავებელთა დისკრიმინაცია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, რელიგიის, ეთნიკური, სოციალური, ეკონომიკური, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, დაბადების ადგილის, ქონებრივი მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, ქორწინების სტატუსის ნიშნით;
  • ცენტრის კოორდინატორი იღებს ონლაინ ჯავშანს და წარმართავს შემდგომ პროცედურებს დამქირავებელთან დაჯავშნილი სერვისის ხარისხიანად მიწოდების მიზნით;
  • ფასიანი შეხვედრების ორგანიზებისას აწყობს შეხვედრების ოთახს დამქირავებლისთვის მისაღები ავეჯის განლაგებით, აღრიცხავს საკონფერენციო ოთახის/ოთახების და მისი მოწყობილობების მდგომარეობას გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ;
  • თვალყურს ადევნებს დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების შესაბამისობას ცენტრის დანიშნულებასა და მიზნებთან;
  • ქსელის თანამშრომლებს უფლება აქვთ დაესწრონ ცენტრში გამართულ ღონისძიებებს აქტიური მონაწილეობის გარეშე, თუ წინასწარი შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
  • ქსელის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება წარმართონ, ზეგავლენა მოახდინონ ან ჩაერიონ ღონისძიებებში, რომლებიც დამქირავებლის მიერ არის ორგანიზებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ღონისძიების მიმდინარეობა ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტით დადგენილ პირობებს;
  • ცენტრის კოორდინატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ტელეფონით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ აღმასრულებელ დირექტორს საფრთხეების შესახებ, რომლებიც ემუქრება ადამიანებს ან ქონებას;
  • „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ქსელი“ არ არის პასუხისმგებელი ცენტრში დამქირავებელთა მიერ ჩატარებული ღონისძიებების შინაარსსა და მონაწილეთა მოსაზრებებზე.

 

ამ დოკუმენტში მოცემული წესების ნებისმიერი დარღვევა ან უგულებელყოფა, რომელიც მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, გამოიწვევს ცენტრის შემდგომ გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას.

 

სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი: 10:00 – 19:00

წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ფასიანი შეხვედრების დაჯავშნა შესაძლებელია სამუშაო საათების შემდგომაც და შაბათ-კვირასაც.