მანანა ჭელიძის ისტორია

27 Mar 2023

მანანა ჭელიძე, ქუთაისის  #1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი

„სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგოებისთვის ძალიან მნინელოვანია პროფესიული გადამზადება, რათა მათ განაახლონ თანამედროვე პედაგოგოიური მიდგომებები.

ტრენინგი „გენდერული თანასწორობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში“ , რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ბაგა-ბაღების ცხოვრებაში ჩართულ ყველა ადამიანს, შეძლებოდათ გაცნობოდნენ თანასწორობის პრინციპებსა და მის სიკეთეებს.

ტრენინგის შემდეგ, აღმზრდელებმა შევიმუშავეთ მცირე ინიციატივები, რომლებიც ბავშვებში გენდერული თანასწორობის თემების გააქტიურებაში დაგვეხმარებოდა.

ბავშვების ცნობიერების ჩამოყალიბებაზე მხოლოდ რჩევა-დარიგება და აღმზრდელობითი სამუშაოები შედეგი ვერ მოიტანს. აუცილებელია, სხვადასხვა სახალისო და ორიგინალური თამაშებით, დავასწავლოთ სწორი ქცევები და ჩამოვუყალიბოთ სწორი ღირებულებები.

ინიციატივის ფარგლებში, ბაღის სივრცეში შევქმენით ვირტუალური ტყე და  ვირტუალური კოცონის გარშემო ვსაუბრობდით გენდერული თანასწორობის თემებზე. ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონათ თითების ზღაპარი, რომელიც ჩემი ინტერპრეტაცია იყო - ამბავი თითებზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი თანხმობაში, შემდეგ როგორ გაებუტნენ ერთმანეთს,  თუმცა ერთობლივი გადაწყვეტილებით დაძლიეს პრობლემა და ისევ ერთობით, თანხმობით და თანასწორად გააგრძელეს ცხოვრება.

პედაგოგს, ბავშვის აზროვნების ფორმირებაში ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს. თავად ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ვეფხისტყაოსანზე გაზრდილი ადამიანი ვარ, რომელსაც „ლეკვი ლომისა სწორია“ ბავშვობიდან ესმის. ამიტომ ჩემთვის გენდერული თანასწორობის თემა ახალი არ იყო და შედეგად, არ გამჭირვებია ბავშვებამდე სწორად მიმეტანა, თუ რას  ნიშნავს თანასწორობა, რატომ არის ის უკეთესი ცხოვრების საწინდარი და რატომ არ უნდა დავყოთ გენდერული როლები.

ვირტუალურ კოცონთან, „ტყუილი თუ მართალი“ თამაშიც გვქონდა. ბავშვებს დავურიგეთ წითელი და ლურჯი ბარათები. როცა რამე დებულებას ვიტყოდი ოჯახში გენდერული როლების შესახებ, ბავშვებს უნდა აეწიათ შესაბამისი ფერის ბარათი და ეთქვათ, ტყუილი იყო თუ მართალი. ბავშვების უმეტესობა  მცდარად მოიაზრებდა ისეთ დებულებებს, სადაც გენდერული როლები დაყოფილი იყო.

ესაა ძალიან დიდი წინგადაგმული ნაბიჯი და ამაში ბავშვების ოჯახების წვლილიც დიდია. ბევრი ბავშვი მიყვება, როგორ ეხმარებიან მამები დედებს სადღესასწაულო სუფრის გაშლა-ალაგებაში, ან უმცროსი და-ძმის მოვლაში.

ესენი მართლაც  უკვე სხვანაირად მოაზროვნე ბავშვები არიან.  დისკუსიებში გოგოები ავლენენ სისხარტეს, ბევრად უფრო ძლიერ ლოგიკურ აზროვნებას და ის სტერეოტიპი, რომ ბიჭებს თითქოს უფრო ტექნიკური გონება აქვს, ჩვენთან დარღვეულია.  

მიხარია, რომ მომავალი თაობა ჩვენსაზე ბევრად უფრო თანასწორი და უკეთესი იქნება“.

ისტორია მომზადდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ პროექტის „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.