ნათია დობორჯგინიძე
ჩიბათის საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი
„გენდერულ თანასწორობაზე არაერთი ტრენინგი მაქვს გავლილი, თუმცა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სასწავლო შეხვედრა საუკეთესო იყო, რადგან ჩემი ცნობიერება კიდევ უფრო გააფართოვა ქალების ეკონომიკური თუ სოციალური გაძლიერების და საშინაო შრომის თანაბრად განაწილების კუთხით. ამავდროულად, ტრენინგებმა შესაძლებლობა მომცა, მიღებული ცოდნა მოზარდებისთვისაც მიმეწოდებინა , რათა ისინი თავად გამხდარიყვნენ ცვლილებების შემოქმედები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს მოგვეცა შესაძლებლობა, 1000 ლარის ფარგლებში დაგვეწერა ისეთი პროექტი, რაც ხელს შეუწყობდა მიღებული ცოდნის კიდევ უფრო გამყარებას და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას.
ჩემი ინიციატივა იყო სასკოლო ბაზაზე ქალების გამაძლიერებელი კითხვის კლუბის გაკეთება და ისეთი წიგნების შეძენა, რითიც არ არის სოფლის სკოლები განებივრებული. პროექტის თანხით შევიძინეთ ქართული და ევროპული ლიტერატურა, რომელიც ორიენტირებულია ქალის როლის წარმოჩენაზე, ქალების დაფარული ისტორიული ფაქტების თხრობაზე და მკითხველებში გენდერული თანასწორობის იდეის განმტკიცებაზე.
მოგეხსენებათ, რომ სასწავლო პროცესი ასევე მოიცავს კლასგარეშე პრეზენტაციებისა და პროექტების გაკეთებას, რის შემდეგ მოსწავლეების რეიტინგი დგება. ჩვენი ინიციატივით, წიგნის კითხვის წრე სწორედ სარეიტინგო აქტივობებში ჩავდეთ და ახლა მოსწავლეები უფრო მოტივირებულები არიან წაიკითხონ ფემინისტური ლიტერატურა, ჩაერთონ დისკუსიებში და მოამზადონ პრეზენტაციები თანატოლების დასაინტერესებლად.
გოგოებთან ერთად ბიჭებიც ჩართულები არიან. არის შემთხვევები, როცა გისმენენ, თითქოს ითავისებენ, მაგრამ მაინც წინააღმდეგობა აქვთ გენდერული თანასწორობაზე. სამწუხაროდ, კულტურა გაჯერებულია გენდერული სტეროტიპებით და მათი დაძლევა არაა მარტივი. თუმცა არიან ბიჭები, რომლებთანაც ეს გამოწვევა დაძლეულია და ისინი უფრო კრიტიკულები არიან მსგავსი სტერეოტიპების მიმართ.
საგანმანათლებლო სისტემაში მხოლოდ აკადემიური ცოდნის მიღება არაა საკმარისი. ჩვენი, სკოლის პედაგოგების მიზანია, მოზარდები ჩამოვაყალიბოთ ჯანსაღ, კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდებად, რომელებიც დაცლილები არიან სტერეოტიპებისგან და გენდერული თანასწორობა მათი ღირებულების ნაწილია.
მე სოფელში გაზრდილი ბავშვი ვიყავი და როცა ქალაქში ჩავედი უმაღლესში სასწავლებლად, ძალიან დიდი სხვაობა იყო ჩემსა და ქალაქელ ახალგაზრდებს შორის. მათი ცნობიერება ისეთი გაზრდილი იყო, რომ დაჩაგრულად ვგძნობდი თავს. მიხარია, რომ დღეს რაიონის მოზარდებს ხელი მიუწვდებათ არაფორმალურ განათლებაზე, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევებზე, თანამედროვე ლიტერატურაზე და მათაც თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განვითარებისთვის.
ზოგადად მიმაჩნია, რომ ასიდან ერთი მარცვალიც თუ გაღვივდება, ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი, პედაგოგების საქმეს არ ჩაუვლია ფუჭად. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ ინფორმაციის გაცემით, ცოდნის გადაცემით და ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს სამომავლოდ.
მე ამის მჯერა და ესაა ჩემი მისიაც“.
ისტორია მომზადდა პროექტის „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.