(COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის სამართლებრივი ანალიზი - ხარვეზები და რეკომენდაციები

(COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის სამართლებრივი ანალიზი - ხარვეზები და რეკომენდაციები

3 ივლ 2020

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ განაგრძობს პანდემიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის სხვადასხვა მიმართულებით კონსულტაციის გაცემას, რათა მოქალაქეებმა დროულად და სრულად ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაცი(ებ)ით. ქსელის მიერ მომზადდა და გამოქვეყნდა „COVID-19 შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის განმარტებები და ხშირად დასმული კითხვები“, რათა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონოდა შესაძლებლობა, სამართლებრივი დოკუმენტის ანალიზის გარეშე პირდაპირ მიიღო პასუხი კითხვაზე - ეკუთვნოდა თუ არა მას კომპენსაცია და რა წინაპირობები უნდა შეესრულებინა, რომ მიეღო სახელმწიფო დახმარება.

ერთი თვის განმავლობაში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თანამშრომლებმა კონსულტაცია გაუწიეს 400-მდე ადამიანს. მათთან კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა სხვადასხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება, რაც ხელს უშლიდა მოქალაქეთა დიდ ჯგუფს კომპენსაციის მიღებაში ან ბუნდოვანი ჩანაწერის გამო რთული იყო დაზუსტება, თუ რა ტიპის კომპენსაცია ეკუთვნოდათ.

მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და შეგროვებული ინფორმაციის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის გასაცნობად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ შეიმუშავა წინამდებარე დოკუმენტი, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სახელმწიფოს მხრიდან დროულ რეაგირებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანს წარმოადგენს ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში „პროგრამა“) მნიშვნელოვანი სამართლებრივი საკითხების ანალიზი, ცალკეული სადავო საკითხების განხილვა, პროგრამის შესაძლო სამართლებრივი ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. დოკუმენტი არ წარმოადგენს აღნიშნული პროგრამის სრულ სამართლებრივ ანალიზს და მხოლოდ იმ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, სადაც სავარაუდო ხარვეზი ვლინდება და საჭიროა რეაგირება.

პროგრამა დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 04/05/2020წ. №286 დადგენილებით „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ.“ წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, სახელმძღვანელო რედაქციას წარმოადგენს პროგრამა 26/06/2020წ. რედაქციით.