საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ

5 დეკ 2018

2018 წლის 4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მარნეულის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები გოგა ხატიაშვილი და გოგა რაზმაძე, ასევე ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის იურიდიული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნინო დოლენჯაშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისისა და წითელი ჯვრის ოფისის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლის დირექტორები, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები, ასევე, ამ მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები გააცნეს. თანამშრომლებმა შეხვედრებზე ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენციის მექანიზმებსა და აღნიშნულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მეთოდებზე ისაუბრეს.

"ხშირად გვესმის, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არა აქვთ სენსიტიურობა კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მუშაობს, დაახლოებით 150 სამართალდამცავი გადამზადდა. ჩვენ ვაღიარებთ კონკრეტულ პრობლემებს და ვცდილობთ გავაჯანსაღოთ ჩვენი სისტემა. ჩვენი სისტემის გაჯანსაღებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თითოეული თქვენგანის ჩართულობა, ზოგადად საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ეს პრობლემები ვერც აღმოიფხვრება" - აღნიშნა გოგა რაზმაძემ.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აუდიტორიას მიმდინარე რეფორმები გააცნეს. ერთ-ერთია შსს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ელექტრონული სამაჯურის სისტემის შემუშავება, რომლის მიხედვითაც, იმ მაღალი რისკის მქონე ოჯახებში, სადაც კვლავ შესაძლებელია განმეორდეს ძალადობა, მოძალადე აღიჭურვება ელექტრონული სამაჯურით. აღნიშნული შსს-ს მისცემს საშუალებას უფრო მეტად გააკონტროლოს მოძალადის საფრთხე.

დისკუსიაზე საუბარი შეეხო ადრეული ქორწინების თემასაც. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციები და პრაქტიკა მიმოიხილეს. "სამოქალაქო კოდექსში 2015 წელს შესული ცვლილების მიხედვით 18 წლამდე პირების ქორწინების რეგისტრაცია აღარ ხდება, თუმცა სამწუხაროდ გვაქვს მაინც ნაადრევი ქორწინების შემთხვევები, რომელიც ხშირად გამოიხატება ქორწინების იძულებით. სტატისტიკურად 2018 წლიდან მოყოლებული ყველაზე მეტი შემთხვევები მარნეულის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. ამ დანაშაულის გამოძიება ძალიან რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ დანაშაულის აღმსრულებლები არიან უშუალოდ ოჯახის წევრები, არ ხდება თანამშრომლობა პოლიციასთან და აღძრული საქმეების უმეტესობა წყდება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში სკოლის პედაგოგების, მოსწავლეები ჩართულობა. ჩვენ ვცდილობთ თუნდაც შეწყვეტილი საქმე რეფერირებვით გადავუგზავნოთ სოციალურ სააგენტოს, სკოლას, რომელსაც ექნება შესაძლებლობა განახორციელოს მონიტორინგი" აღნიშნა გოგა რაზმაძემ. ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის მიმართ ხორციელდებოდა იძულებითი ქორწინება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია მამა. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ეს არის მხოლოდ ერთი შემთხვევა, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აუდიტორიას პოლიციასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ნინო დოლენჯაშვილმა აუდიტორიას ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისების მიმართულებით ფონდის საქმიანობა გააცნო, ასევე მიაწოდა ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში მარნეულში დაგეგმილი კრიზისული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით;

"თავშესაფრები წარმოადგენენ ფონდის სტრუქტურულ ერთეულებს, სადაც ხდება ოჯახში ძალადობის მსხვერპლების განთავსება. თავშესაფრით სარგებლობა შეუძლია ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლს და დაზარალებულს, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლს და დაზარალებულს და მათზე დამოკიდებულ 18 წლამდე პირს. კრიზისული ცენტრით მომსახურეობა შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლებს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს, ასევე სავარაუდო მსხვერპლებს. თავშესაფრის სერვისები მოიცავს: სადღეღამისო საცხოვრისით უზრუნველყოფას, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას, სამედიცინო მომსახურებას, სამართლებრივ დახმარებას, თარჯიმნის დახმარებას, კვებასა და პირველადი სეზონური ტანსაცმლით მომსახურებას" - აღნიშნა ნინო დოლენჯაშვილმა.

ნინო დოლენჯაშვილმა ასევე აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია ფონდის საკონსულტაციო ცხელი ხაზის შესახებ ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, რომელიც 7 ენაზე ფუნქციონირებს.

აუდიტორია დაინტერესდა კრიზისულ ცენტრებსა და თავშესაფრებში მსხვერპლის განთავსების ვადით, რაც 3-9 თვემდე პერიოდს შეადგენს. დისკუსიის მონაწილის, წითელი ჯვრის მოხალისის თამუნა ხარაიშვილის აზრით, მსგავსი ჩარევები ფრაგმენტულია და აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ მსხვერპლი კვლავ მარტო რჩება. ნინო დოლენჯაშვილმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში ხდება მსხვერპლის გაძლიერება განათლების მიმართულებით, მისი ინფორმირება თუ რა დახმარებებით შეუძლია სარგებლობა სოციალური მომსახურების სფეროში, დასაქმების კუთხით მისი ინფორმირება არსებული შესაძლებლობების შესახებ. შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის წარმომადგენელმა გოგა ხატიაშვილმა აღნიშნა, რომ მსხვერპლისთვის გრძელვადიანი პერსპექტივის შეთავაზება, ყველაზე დიდი გამოწვევაა და საჭიროა მიზეზებთან ბრძოლა;

"ეს უკავშირდება პირველ რიგში ნაადრევ ქორწინებას, ადამიანი რომელიც ნაადრევ ასაკში ქმნის ოჯახს, მას არ აქვს შესაბამისი განათლება, შემდეგ არ აქვს მხარდაჭერა საზოგადოების და ოჯახის წევრების მხრიდან და ასეთი ადამიანი, როდესაც გახდება ძალადობის მსხვერპლი, ის იძულებული არის, რომ ეს ძალადობა მოითმინოს. ამიტომაც ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა, ამ ადამიანების ეკონომიკური დამოუკიდებულება ერთმანეთთან არის დაკავშირებული მიზეზობრივ კავშირში. ამიტომ უნდა ვებრძოლოთ მიზეზებს და ამ პროცესში ბევრი სახელმწიფო თუ არასამთავრობო სტრუქტურის კოორდინირებული და თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო" აღნიშნა გოგა ხატიაშვილმა.

დისკუსიაზე ამ პროცესში ადგილობრივი თვუითმმართველობის როლზეც გამახვილდა ყურადღება და აღინიშნა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტს საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებული აქვს მსხვერპლისთვის სხვადასხვა გრძელვადიანი სერვისები. მარნეულის მუნიციპალიტეტს საკუთარ სოციალურ პროგრამაში 22 მიმართულება აქვს, თუმცა ტერმინი "მსხვერპლი" არ არის განსაზღვრული. შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მიმართულებით მარნეულის თვითმმართველობასთან მუშაობის მზაობა გამოთქვეს.