„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) უერთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ

17 ოქტ 2019

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) უერთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას და მის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით იწყებს საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საინფორმაციო კამპანიის პარტნიორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი, მანდატურის სამსახური, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.

კამპანიის ფარგლებში პარტნიორებთან ერთად საქართველოს რეგიონების ქალაქებში დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, დირექტორებთან, რესურს-ცენტრების ხელმძღვანელებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და მოსახლეობის დაინტერესებულ ნაწილთან. 

შეხვედრები გაიმართება 2019 წლის 21 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით. კამპანიის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია  ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის ნაადრევი ქორწინების თემაზე, მართლწესრიგის ოფიცრებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელების მიერ თბილისსა და რეგიონებში საინფორმაციო მასალების გავრცელება, რეკომენდაციების შემუშავება გამომძიებლებისთვის ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე, ტელე-რადიო გადაცემებში მონაწილეობა და სხვა ღონისძიებები.