გენდერული ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია

28 ნოე 2018

27 ნოემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ოზურგეთის ოფისში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მოზარდებში გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოზარდთა შორის ქალის უფლებების შესახებ დისკუსიის წახალისებას.

 შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ოზურგეთის სკოლების უფროსკლასელები. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო Ted Talk  ორი გამოსვლა: ლესლი მორგან სტეინერის სიტყვა თემაზე, თუ რატომ არ ტოვებენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მოძალადეს. სტეინერი საუბროს, როგორ შეიძლება ძალადობის მსხვერპლებმა დაძლიონ შიში და აიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ.

 ასევე ნაჩვენები იყო რეშმა სოჯანის სიტყვა „ვასწავლეთ გოგონებს მამაცობა და არა სულყოფილება“. გოგონებისა და ბიჭების აღზრდის სხვადასხვა სტანდარტები მათ მომავალ ცხოვრებაში ხშირად განსხვავებულ გენდერულ როლებს განაპირობებს. ამ როლების სტერეოტიპული აღქმა კი ზოგჯერ ძალადობის წყარო ხდება. მომხსენებელი საუბროს გოგონებისთვის რისკის გაწევისა და პროგრამირების, რომელიც გაბედულების ერთ-ერთ მაგალითად მიაჩნია, სწავლების სიკეთეებზე.

შეხვედრაზე დამსწრე მოსწავლეები ინტერესით ჩაებნენ დისკუსიაში. მათ აღნიშნეს, რომ ყოველთვის აინტერესებდათ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ რჩებიან ძალადობის მსხვერპლი ქალები ძალადობის ფაქტების შემდეგაც კი მოძალადეებთან და ასევე ხაზი გაუსვეს, რომ აღნიშნული ვიდეოების ნახვამ ისინი დააფიქრა სხვადასხვა საკითხებზე. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ საიტი Ted.com კარგი რესურსია სხვადასხვა თემაზე საინტერესო საუბრების მოსასმენად და რომ სიამოვნებით დაესწრება მომავალში მსგავსი ტიპის შეხვედრებსაც, რადგან მოსწავლეებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიღების ბევრი გზა ოზურგეთში არ არსებობს.