„სპექტაკლის შემდეგ ბიბლუსში შევიარე წიგნის საყიდლად და მითხრეს, რა აგიტყდათ ეს წიგნი, რამდენმა იკითხაო“ - რა ზეგავლენა იქონია „შაშვი შაშვი მაყვალის“ სპექტაკლის პრემიერამ ზუგდიდში და ავტორთან

27 ნოე 2021

„სპექტაკლის შემდეგ ბიბლუსში შევიარე წიგნის საყიდლად და მითხრეს, რა აგიტყდათ ეს წიგნი, რამდენმა იკითხაო“ - რა ზეგავლენა იქონია „შაშვი შაშვი მაყვალის“ სპექტაკლის პრემიერამ ზუგდიდში და ავტორთან შეხვედრამ

27 ნოემბერს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წიგნის „შაშვი, შაშვი მაყვალი“ ავტორმა თამთა მელაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა შეროზიამ გამართეს შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში სპექტაკლის დამსწრე საზოგადოებასთან ერთად.

„ჩემი წიგნის პერსონაჟი ერთი ქალის კოპირება არ არის. ეს იმ ქალების ხმების ერთობლიობაა, რომლებიც ბავშვობიდან ჩემ გარშემო ყოფილან, ეს დედაჩემის დაქალი იქნებოდა, მეზობელი თუ ნათესავი, რომლებიც ძალიან ძვირფასი და საყვარელი ქალები იყვნენ,“-ამბობს თამთა მელაშვილი.

მისი თქმით, წიგნს მკითხველები სხვადასხვანაირად აღიქვამენ: ვიღაცას ჰგონია, რომ ეთერო გამბედავი და თავისუფალი ქალია, როგორც უნდა ისე ცხოვრობს, ზოგი კი პირიქით კითხულობს და ამბობს, რომ ეს არის ჩარჩოებში მოქცეული ქალი, არ აინტერესებს თვითგანვითარება, რომ ჰქონდეს უკეთესი ცხოვრება; შეშინებული და გარემო პირობებს დაქვემდებარებული ქალია, უყურებს იმას, თუ რას იტყვის მეზობელი. ავტორისთვის მთავარია მკითხველმა წიგნში იპოვოს ის, რაც მას ესაჭიროება, გამბედავი თუ პირიქით, შეშინებული პერსონაჟი.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ლაშა შეროზიას თქმით, თეატრმა თამთას წიგნის მიხედვით განხორციელებული სპექტაკლით მაყურებელს შესთავაზა შედეგზე ორიენტირებული, სახალხო და ინდივიდზე დაფუძნებული თემა. „მიხარია რომ ჩვენს თეატრს მიეცა შესაძლებლობა თამთას წიგნის მიხედვით დაგვედგა სპექტაკლი. შედეგია ის, რომ სპექტაკლის შემდეგ ბიბლუსში შევიარე წიგნის საყიდლად და მითხრეს რა აგიტყდათ ეს წიგნი, რამდენმა იკითხაო. შედეგია ის, რომ სპექტაკლი მესხეთში წავიღეთ, სადაც ზუგდიდელი მაყურებლისგან განსხვავებით, ახალგაზრდებს წიგნი უკვე წაკითხული ჰქონდათ და ვერ წარმოედგინათ მისი თეატრალური ვერსია, უფრო ფილმისკენ იხრებოდნენ. შედეგია ასევე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდი დიდი მუნიციპალიტეტია, ბევრი ჩაკეტილობა არსებობს და მაყურებლები გვთხოვენ სპექტაკლი სოფლებშიც ჩავიტანოთ, რადგან, მათი თქმით, რეალური პრობლემებია ასახული და ეს სპექტაკლი ამ პრობლემების გადაჭრის ახლებურ გზას გვანახებსო“.

აუდიტორიის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო სპექტაკლის ნახვა, რადგან თითქმის იგივე გზა თუ არა, გარკვეული ასპექტები გამოუვლია, რაც ეთერომ გამოიარა. „სპექტაკლზე ჩემ გვერდით ისხდნენ ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც ბევრ მომენტში სპექტაკლს თვალცრემლიანი უყურებდნენ, რადგან ისინიც საკუთარ ცხოვრებას ხედავდნენ. ძალიან ემოციური იყო სპექტაკლში შავად შემოსილი ქალების შემოსვლა, რომელიც ასახავდა ძალადობის მსხვერპლი ქალების ერთფეროვან ცხოვრებას. მე ის გავაიგივე ჩემს წარსულ ერთფეროვან, მძიმე ცხოვრებასთან, როცა ვერაფერს ვცვლიდი და ვიმოსებოდი იგივე მუქ ფერებში, რომ არავის შევემჩნიე.

მაყურებლისთვის ასევე ემოციური იყო ეთეროს მამასთან ურთიერთობა, რომელსაც მამობრივი მზრუნველობის მხოლოდ ერთი სცენა ახსოვდა. „ეს სცენაც გავაიგივე ჩემი შვილის ცხოვრებასთნ. მისი დაბადების დღე იყო გუშინ, მთელი დღე ელოდა მამის ზარს და ვერ მიიღო,“- ამბობს მონაწილე.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ოფისები მსგავსი აქტივობებით უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიას იმისთვის, რომ ერთად დავამარცხოთ ქალთა მიმართ ძალადობა.