საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ

5 დეკ 2018

4 დეკემბერს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ.

 შეხვედრაზე ნაჩვენები იყო  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ადგილობრივი შესაძლებლობის გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ ფარგლებში შექმნილი ფილმი „კოცნა მარტო კინოშია“, რომელიც მოგვითხრობს იმ სირთულეების შესახებ, რასაც ბავშვები აწყდებიან განათლების მიღების რთულ გზაზე.

ფილმის ჩვენების შემდეგ მოწვეულმა სპიკერმა, სამცხე-ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა  დავით ზარიძემ, უფროსკლასელებს განუმარტა თუ რა არის ადრეული ქორწინება, რა სასჯელს ითვალისწინებს  16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირი, რა პრობლემებს იწვევს ნაადრევი ქორწინება, მათ შორის განათლების მიღების კუთხით, ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვანმა გოგოებმა და რა თავდაცვის მექანიზმები არსებობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროში ოჯახში ქალებსა და არასრულწლოვნებზე ძალადობის 56 შემთხვევის შესახებ შევიდა შეტყობინება, 
„ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ძალადობის მსხვერპლები მომხდარზე არ საუბრობენ. მიზეზი ისაა ალბათ, რომ მათ თავიანთი უფლებები არ იციან და ფიქრობენ, რომ უარეს შედეგს მიიღებენ“.

პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში და ღიად აფიქსირებდნენ მოსაზრებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მათ მიეცათ 15 წუთი რათა ჯგუფეში ემუშავათ და შეხვედრიდან მიღებული ინფორმაცია შეეჯამებინათ, ამის შემდეგ მათ  წარუდგინეს პრეზენტაციები და ერთხმად დაგმეს ძალადობა.