ტრენინგ-სემინარი „როგორ დავძლიოთ ბულინგი“

30 ივლ 2018

30 ივლისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გაიმართა ტრენინგ-სემინარი სახელწოდებით „როგორ დავძლიოთ ბულინგი“.
რა არის ბულინგი, საიდან მოდის აგრესია და რა სახით ვლინდება მოზარდებში, რა გავლენას ახდენს საზოგადოების მენტალიტეტი ახალგაზრდებზე, როგორ შეიძლება მოგვარდეს პრობლემა, აქვს თუ არა ბულინგს ასაკი - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგებმა მოწვეულ ფსიქოლოგთან ერთად იმსჯელეს.
შეხვედრისას მონაწილეებმა იმ ფსიქო-ემოციურ ასპექტებზე და განცდებზე იმსჯელეს, რომელსაც ყველა მოზარდი სხვადასხვა ასაკში განიცდის. 
შეხვედრას დიალოგის ფორმა ჰქონდა, მონაწილეებმა და პედაგოგებმა საკითხთან დაკავშირებით თავიანთი გამოცდილება გააჟღერეს, რეალურ შემთხვევებზე ისაუბრეს და ფსიქოლოგისგან რეკომენდაციებიც მიიღეს: „ბულინგი კომპლექსური და გლობალური პრობლემაა, რომლის გამოვლენის საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მასწავლებელს აკისრია. ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ ადამიანებს, ვინც ბულინგის შემსწრენი ხდებიან, მათ თვალი არ უნდა დახუჭონ ამ ძალადობრივ ფაქტზე“.
მოზარდების თვლიან, რომ ბულინგი ერთ-ერთ აქტუალურ და მწვავე პრობლემას წარმოადგენს, ძალადობის აღნიშნული ფორმა კი ძირითადად სკოლებში გვხვდება. ფსიქოლოგის აზრით მნიშვნელოვანია მსგავსი სახის შეხვედრები, რათა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება მოხდეს.