ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა

24 იან 2018

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმის„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ დისკუსია გამართა.  ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ვეტოს არგუმენტები გააცნო და იმ რისკებზე  ისაუბრა,  რომელიც შესაძლოა, ცვლილებების ძალაში შესვლას მოჰყვეს. ანა ნაცვლიშვილის  თქმით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ორი მთავარი გარანტია სჭირდება - პოლიტიკური და ფინანსური გავლენებისგან დამოუკიდებლობა. პრეზიდენტის ვეტო კი, იმ ორ მნიშვნელოვან არგუმენტს ეფუძნება, რომელიც საფრთხეს უქმნის ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ და  სახელმწიფოებრივ სიკეთეებს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, თუ ეს კანონპროექტი ამ ფორმით შევა ძალაში, ის საფრთხეს შეუქმნის, ერთიმხრივ, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დამოუკიდებლობას და  მეორე მხრივ, მედია მრავალფეროვნებას. ასევე, სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის კომერციულ  მაუწყებლებს და მედიასაშუალებებს, რაც დააზიანებს მედიაპლურალიზმს და  შეზღუდავს საზოგადოების  წვდომობას    მრავალფეროვან ინფორმაციასთან. 

"მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რის გამოც პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლებამოსილება, ეს არის სერიოზული კორუფციის რისკები გაჩენა, რასაც ეს კანონი ხელს შეუწყობს.  ამ ეტაპზე მოაზრებულია, რომ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მხრიდან განსახორციელებელი შესყიდვებისსაკმაოდ დიდი ნაწილი აღარ დაექვემდებაროს იმ რეგულაციებს, რომლებიც სახელმწიფო  შესყიდვებთან მიმართებაში დღეს მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენ გვესმის, რომ შესაძლოა  მაუწყებლობის მხრიდან განსახორციელებელ შესყიდვებსგარკვეული თავისებურებები  ახასიათებდეს, თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ბიუჯეტის თანხების განკარგვა ხდებოდეს  ყოველგვარი წესების და რეგულაციების გარეშე” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო დაადო  ამ კანონს და იმედი გამოთქვა,  რომ პარლამენტი ვეტოს განხილვისას ერთხელ კიდევ მიუბრუნდება ამ საკითხს და  სიღრმისეულად იმსჯელებს, გაიაზრებს ყველა იმ რისკს, რომელსაც კანონპროექტი ქმნის. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი არმიიღებს ვეტოს დაძლევის  გადაწყვეტილებას,  რადგან ეს იქნება მნიშვნელოვანი უკან გადადგმული ნაბიჯიროგორც მედია-გარემოს,  ასევე  ანტიკორუფციული ბრძოლის მიმართულებით.

ანა ნაცვლიშვილმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებსაც უპასუხა.