მუნიციპალური ინიციატივები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა- საჯარო შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისში

25 იან 2019

2019 წლის 24 იანვარს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისში  გაიმართა დისკუსია, თემაზე: „მუნიციპალური ინიციატივები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ .

შეხვედრაზე საუბარი იყო, თუ რა გეგმები აქვს თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად და არსებული რესურსების უფრო თვალსაჩინოდ გამოსაყენებლად. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს და ქალაქში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს.

ზუგდიდის მერიის ტურიზმის განყოფილების უფროსმა, კონსტანტინე წიფურიამ მოკლედ მიმოიხილა მერიის სამსახურის მიერ დაგეგმილი აქტივობები. მისი ინფორმაციით ტურიზმის განყოფილების ბიუჯეტი 20 ათასი ლარია.  თებერვალ-მარტში ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე გზამკვლევი წიგნის გამოცემას გეგმავენ. მონაწილეობას მიიღებენ „ექსპოჯორჯიას“ ღონისძიებაზე. ასევე, აპირებენ სტუდენტ-ახალგაზრდობის გაყვანას ექსკურსია-ტურებზე. განაახლებენ ასევე საინფორმაციო დაფებს.

შეხვედრაზე მოქალაქეებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. მთავარ პრობლემად შეხვედრის მონაწილეებმა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - გზები, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ცალკეულ კომპონენტში მარკეტინგული მიდგომების სიმწირე დაასახელეს. აღნიშნეს, რომ პრობლემის მოგვარება კომპლექსურად უნდა მოხდეს. ასევე, ვირტუალურ სამყაროში ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ისტორიკოსის, თამარ დაგარგულიას თქმით, იმ პირობებში, როცა ტურისტები კონკრეტულ ქალაქზე ცნობებს ინტერნეტის საშუალებით ეცნობიან, ეს ინფორმაცია ზუგდიდზე, არც ქართულად და მით უფრო ინგლისურად, არ იძებნება. მისი თქმით, ტურისტები აქ ძირითადად მხოლოდ იმიტომ ჩერდებიან, რომ მას მესტიაში გამგზავრების მსურველთათვის სატრანზიტო დანიშნულება აქვს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას განმარტებით, ქალაქში გზების მოწესრიგებისკენ აქტიური ნაბიჯები გადადგმულია, რაც შეეხება საპირფარეშოებს, ეს კერძო საკუთრებაა; თუმცა მერიას ამ კუთხითაც მოუწევს მუშაობა. მან, ასევე, დამსწრეებს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ზუგდიდის პოპულარიზაციისთვის, ქალაქში საიმიჯო დაფების განთავსებას გულისხმობს. საუბარი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების თუ საზოგადო მოღვაწეთა მოგონებების გამოკვრას შეეხება, რომელმაც ცნობადობა ქალაქის, მათ შორის ევროპულ კულტურასთან კავშირების ჭრილში კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.

„მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას ტურიზმის განვითარება არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენი ნებაყოფლობითი უფლებამოსილებაა ხელშეწყობა; იმ სფეროში, სადაც ჩვენ შეგვეძლება ჩარევა, აუცილებლად ჩავერთვებით. თუმცა არსებობს კერძო სექტორი, რომელიც მუშაობს ამ პრობლემატიკაზე. შესაბამისად, გვაქვს კოორდინირებულად მუშაობის მოლოდინები და პერსპექტივები“, - განაცხადა სანდრო სორდიამ.

არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ამბობს, რომ ზუგდიდს ტურისტული

თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს და ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ ბოტანიკურ ბაღში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქანდაკებების და სკულპტურების ასლები განთავსდება.

„სხვადასხვა გათხრების შედეგად, მათ შორის ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილია ასობით ექსპონატი, რომელიც ზუგდიდის მუზეუმში ინახება. თუ ამას გონივრულად მივუდგებით, ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ტურისტების მოსაზიდად. თუ ბოტანიკურ ბაღში ამ ქანდაკებების და სკულპტურების ასლებს დავდგამთ ეს იქნება კარგი სანახაობრივადაც და მარკეტინგულადაც მომგებიანი“, - ამბობს პაპუაშვილი.

დისკუსია, რომელიც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, ტურიზმის სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების,  მედიის წარმომადგენლები, ასევე, ისტორიკოსები და არქეოლოგები ესწრებოდნენ.

ზუგდიდში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელეს (რადიოათინათი).