აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის პროგრამის პრეზენტაცია

28 იან 2019

28 იანვარს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ბათუმის წარმომადგენლობის ოფისში  გაიმართა აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია. პროგრამის შესახებ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ  პედაგოგები, კერძო კომპანიის წარმომადგენლები, იძულებით  გადაადგილებული პირები და მედია.

თემურ კახიძის განცხადებით, 2019 წელს დაგეგმილია პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელიც გულისხმობს შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში ბენეფიციართა გადამზადებას. პროფესიული სასწავლო კურსი მოიცავს სამ კომპონენტს: პროფესიული უნარების სწავლება (თეორიული და პრაქტიკული კურსი), უცხო ენების (რუსული, ინგლისური, თურქული - არჩევით) შესწავლა და საწარმოო პრაქტიკის მიღება.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების მიღების უფლებით ისარგებლებენ: 1. ყოფილი პატიმრები და პრობაციონერები; 2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებული და საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრები; 3. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები (ან მეურვე/ოჯახის წევრი); 4. იძულებით გადაადგილებული პირები;  5. ეკომიგრანტები;  6. ძალოვანი სტრუქტურების  ვეტერანები.

თემურ კახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრების ჩატარება. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ვიდეორგოლებით, საინფორმაციო საშუალებებითა და სოციალური მედიით, უშუალო კომუნიკაცია გაცილებით მეტ ინფორმაციას აძლევს მოქალაქეებს და კონკრეტულ ჯგუფებს პროგრამის არსისა და მიზნების შესახებ.

შეხვედრის მონაწილიეების აზრით, ეს პროგრამა რეალურად გაზრდის ადამიანების დასაქმების შანსებს. შეხვედრის დასასრულს გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი პრეზენტაცია გაიმართოს ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებშიც.