სემინარი თემაზე „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები“

30 იან 2019

30 იანვარს, ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები.“ სემინარის მიზანი გენდერული თანასწორობის გეგმების შესრულების მიმდინარე გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო.

სემინარში მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობდნენ:  შსს-ის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი გოგა რაზმაძე, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელი მარიამ გვიდიანი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნიჟარაძე და მარნეულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ია ესებუა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მარნეულისა და გარდაბნის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრისა და საჯარო სკოლების დირექტორები, მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურისა და სპორტის სამსახურის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სემინარის მონაწილეებმა იმსჯელეს შემდეგ საკითხებზე:

· „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება #437  დანერგვის გამოცდილება და ადგილობრივი გამოწვევები;

· გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმების  შესრულების გამოწვევები: გენდერული საბჭოს რეკომენდაციების მიწოდების ინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა; სტასისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მიმდინარე გამოწვევები გენდერული თანასწორობის გეგმის შესრულების ფარგლებში;

· ახალგაზრდული პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სასწავლო ტურების დაგეგმვა.

სემინარი ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო სექტორი მუნიციპალური  პოლიტიკის შემუშავებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებისა“ და ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ, სათემო რადიო „მარნეულთან“ პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ატვირთული ფაილები