არქიტექტურული მიკრო უბანი ზუგდიდში

17 აპრ 2019

17 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით ახალი არქიტექტორული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ავტორის, არქიტექტორ ლევან სოლოღაშვილის განმარტებით, მრავალფუნქციური კომპლექსის ფარგლებში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში უნდა გაშენდეს, ქვედა ორ სართულზე 4000 კვ.მ ზე მოეწყობა თანამედროვე სავაჭრო მოლი, ზემოდან კი აშენდება სამ სადარბაზოიანი, 15 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

შეხვედრის მონაწილეთა ნაწილმა პროექტი მოიწონა, თუმცა ერთხმად აღნიშნეს, რომ 15 სართულიანი კორპუსის სიმაღლე ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება, არქიტექტორის განცხადებით, საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მზადაა გაითვალისწინოს ის შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელიც პრეზენტაციაზე გამოითქვა და მხოლოდ მას შემდეგ შეიტანოს მერიაში დასამტკიცებლად.