შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან

25 აპრ 2019

24 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრაზე კანდიდატებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით მარნეულში არსებული გამოწვევების შესახებ და წარადგინეს თავიანთ ხედვები, კერძოდ:
გენდერული თანასწორობის საბჭოს და მერის მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის, სოფლის კრებების ორგანიზების და ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მშობლიურ ენაზე მიწოდების შესახებ. კანდიდატებმა ასევე წარადგინეს თავიანთ ხედვები ახალგაზრდების, ქალების, შშმ პირების საჭიროებების შესახებ.

კანდიდატებს დაეთმოთ დრო, რათა მიმოეხილათ მუნიციპალური სოციალური პროგრამის გამოწვევები და წარმოედგინათ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ხედვები. კანდიდატებს დაეთმოთ განსაზღვრული დრო ერთმანეთის მიმართ კითხვების დასასმელად, ასევე აუდიტორიის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

2019 წლის 19 მაისს მარნეულში დაგეგმილ მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის 15 კანდიდატია დარეგისტრირებული. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო სამმა კანდიდატმა, ესენი იყვნენ: #2. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი, #41.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაურ დარგალი და #42. დამოუკიდებელი კანდიდატი ალი ბადიროვი.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.