ქეთევან გობრონიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის N2 საბავშვო ბაღის აღმზრდელი
„გასული წლის ოქტომბერში, გურიის საბავშვო ბაღის აღმზრდელებს გენდერულ თანასწორობაზე ტრენინგი ჩაგვიტარდა. პროცესი ძალიან საინტერესო და სიახლის შემცველი იყო: ადგილობრივი ტრენერების მენტორობით გვქონდა აქტიური დისკუსიები, ინფორმაციას ვეცნობოდით არა მხოლოდ ლექციის მეშვეობით, არამედ საინტერესო თამაშებით, ტესტებითა და ენერჯაიზერებით.
ტრენინგის შემდეგ გადმოგვეცა გასაფერადებლები, რომლებიც ბავშვებს ასწავლის, თუ როგორი უნდა იყოს თანასწორი გარემო და რა სიკეთეები მოაქვს მას. გასაფერადებლებში დახატულია ბიჭები და გოგოები როგორ ინაწილებენ სხვადასხვა სახის საქმიანობას და ემსახურება სფეროების დაყოფის სტერეოტიპის დამსხვრევას.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ტრენინგმა მე, როგორც აღმზრდელი, შემცვალა. გასულ წლებში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს სხვა მეთოდოლოგიითა და მიდგომებით ვხელმძღვანელობდი. დღეს კი, ეს მიდგომები შევცვალე. მაგალითად, თუ ადრე ძიძას საუზმის გაწყობა-ალაგებაში მხოლოდ გოგოები ეხმარებოდნენ, დღეს უკვე ამ საქმეს ბიჭებიც ითავსებენ.
გასულ წლებში, ბიჭს რომ თოჯინა, ან სათამაშო ჭურჭელი აეღო ხელში, გამოვართმევდი და ვეტყოდი, რომ ეს არ არის ბიჭის სათამაშო, მივუთითებდი, რომ ეთამაშა მანქანებით ან კონსტრუქტორით. დღეს ეს სტერეოტიპები უკვე დამსხვრეულია და ვფიქრობ, რომ რატომაც არა, ყველას შეუძლია ითამაშოს იმით, რაც სურს და სადაც თავს კომფორტულად გრძნობს.
საგულისხმოა, რომ ბიჭები საკმაოდ ხალისით აკეთებენ იმ საქმეს, რაც გოგოების საქმედ მოიაზრებოდა. ვატყობთ, რომ ეს სიახლეა მათთვის და ოჯახში ამ საქმიანობით არ არიან დაკავებულები. აუცილებელია, ბავშვები საბავშვო ბაღიდან მიეჩვიონ განსხვავებულ სფეროებში ჩართულობას, რომ სამომავლოდ, ოჯახში თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.
ჩვენც სწორედ ამაზე ვმუშაობთ, რომ აქ შეძენილი უნარები ოჯახშიც წაიღონ და ყოველდღიური მეცადინეობით, პოზიტიური ჩვევები განიმტკიცონ.
ბაღის მასწავლებლები ვართ ის ძალა, ვინც ზრდის მომავალ თაობას და თუ ჩვენ ემპათიის მარცვალს დღეს ჩავდებთ პატარებში, მომავალში უკეთეს საზოგადოებას მივიღებთ.
ჰუმანური მიდგომები, ერთმანეთის პატივისცემა და დახმარება, თანაგანცდა , თანაგრძნობა - ეს ის თვისებებია, რომელსაც საბავშვო ბაღში ეყრება საფუძველი და მომავალში ჰარმონიული ურთიერთობის გარანტია“.
ისტორია მომზადდა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ პროექტის „თემის გაძლიერება გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.