ONLINE დისკუსია თემაზე: „დისტანციური სწავლება მარნეულში და არსებული გამოწვევები“

14 აპრ 2020

Online დისკუსია თემაზე: „დისტანციური სწავლება მარნეულში და არსებული გამოწვევები“

14 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე „დისტანციური სწავლება მარნეულში, არსებული გამოწვევები“.

საქართველოში COVID 19-ის გავრცელების გამო სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდნენ. რა სირთულეებს აწყდებიან ამ პროცესში პედაგოგები და მშობლები, რამდენად მზად შეხვდნენ ამ ცვლილებას მარნეულის საჯარო სკოლები, რა დამატებითი პრობლემები არსებობს მარნეულის არაქართულენოვან და სოფლად მდებარე სკოლებში, რას სთავაზობს „ტელესკოლის“ პროექტი მოსწავლეებს, რა დამატებითი რესურსებით შეიძლება ისარგებლონ პედაგოგებმა ონლაინ გაკვეთილების ჩატარების დროს, ამ თემებზე იმსჯელეს დისკუსიის მონაწილეებმა. რომელიც ამავდროულად ფეისბუქ ლაივის მეშვეობით გადაიცემოდა.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდენ: გიორგი ჭაუჭიძე, ქ.მარნეულის #2-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი;
თემურ სუყაშვილი, ქ.მარნეულის #2-ე და #5-ე საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის პედაგოგი და ნილუფარ კურბანოვა, ქ.მარნეულის #3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი, სკოლის დირექტორთა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ტრენერი.

გიორგი ჭაუჭიძემ აღნიშნა, რომ მისი მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ონლაინ გაკვეთილებში. მისი აზრით ონლაინ გაკვეთილების ჩატარების პროცესში რა თქმა უნდა არის არაორგანიზებულობის შემთხვევები მოსწავლეების მხრიდან, თუმცა ამას ცოცხალ საგაკვეთილო პროცესშიც ქონდა ადგილი. მისი აზრით მნიშვნელოვანია ონლაინ სწავლების პარალელურად სახლის პირობებში მოსწავლეებმა ფიზიკურ აქტივობებშიც შეძლონ მონაწილეობა, ამიტომ კითხვა ფიზკულტურის ონლაინ გაკვეთილებთან დაკავშირებით სულაც არ არის ირონიული.

ნილუფარ კურბანოვამ სოფლის სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასაკოვან პედაგოგებს შედარებით გაუჭირდათ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა „თუმცა ასეთი პედაგოგების რიცხვი უკვე შედარებით შემცირებულია სკოლებში. სოფლებში ასევე ყველა მოსწავლისთვის არ არის ელექტრონული მოწყობილობები, ტელეფონი, კომპიუტერი, ასევე ინტერნეტი ხელმისაწვდომი, ამიტომ სოფლად მცხოვრები მოსწავლეების ნაწილი მაინც ონლაინ სწავლების მიღმა რჩება“ აღნიშნა ნილუფარ კურბანოვამ.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესის დადებითი მხარე ის არის, რომ ონლაინ სწავლების დანერგვის შემდეგ პედაგოგებმა უფრო მეტად დაიწყეს თვითგანვითარებაზე ზრუნვა, სასარგებლო რესურსების მოძიება ინტერნეტში, მეც თავისუფალ დროს უფრო მეტად ვცდილობ თვითგანვითარებას, რათა უფრო მეტი ინოვაცია შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს“ - აღნიშნა ნილუფარ კურბანოვამ.


თემურ სუყაშვილმა პედაგოგებს ის სასარგებლო ონლაინ რესურსები გააცნო, რაც მათ შესაძლოა საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ.

დისკუსიის მონაწილეებმა დასკვნის სახით აღნიშნეს, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ პედაგოგები დისტანციური სწავლების ელემენტებს დანერგავენ კორონავირუსის შემდეგ სკოლაში დაბრუნებისას, განსაკუთრებით მოსწავლეების მიერ დავალებების გაგზავნის ნაწილში, რომელიც ძალიან მოსახერხებელია.

დისკუსიის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.facebook.com/ncce.ge/videos/229340878414144/