ბათუმის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის საქმიანობის შესახები

4 დეკ 2018

4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის საქმიანობის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ თავშესაფრის ხელმძღვანელი ბექა მაჭუტაძე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნანა ხალითბა, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს სახალხო დამცველის აჭარის რეგიონალური ოფისი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და მედია.

"აუცილებელია მოეწყოს კრიზისული მართვის ცენტრი" – აღნიშნა ბექა მაჭუტაძემ, ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.

ბათუმის თავშესაფარში ძალადობის მსხვერპლი 4 ქალი და 7 ბავშვია. თავშესაფარში მოსახვედრად რამდენიმე გზა არსებობს: შემაკავებელი ორდერი, რომელსაც პოლიციელი გამოსცემს; დაზარალებულის სტატუსი, რომელსაც პროკურატურა ანიჭებს მსხვერპლს გამოძიების დაწყების შემთხვევაში. ასევე, შესაძლებელია, ქალმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალადობის მსხვერპლია, სტატუსის მიმნიჭებელ კომისიას მიმართოს და თავშესაფარში მოთავსება ითხოვოს იმის მიუხედავად, გამოძიება დაწყებულია თუ არა.

"კრიზისული მართვის ცენტრი დაეხმარება ქალს ამ პროცედურების სწრაფად გავლაში. ხშირად ადამიანებმა არ იციან, როგორ იმოქმედონ, ვის მიმართონ… რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება ამ კუთხით მსხვერპლებს, მაგრამ აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო სერვისიც" – მიიჩნევს ბექა მაჭუტაძე.

ბექა მაჭუტაძემ განმარტა, რომ ცენტრში სოციალურ, სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ხანგრძლივი პერიოდით მიიღებენ ადამიანები იმის მიუხედავად, მათ ოფიციალურად მსხვერპლის სტატუსი აქვთ თუ არა.

"მთავარი პრობლემა არის ფსიქოლოგიური. მსხვერპლ ქალებს მუდმივად სჭირდებათ ფსიქოლოგებთან კომუნიკაცია. ჩვენთან მხოლოდ ის ქალები იღებენ სერვისს, ვისაც თავშესაფრით სარგებლობის სტატუსი აქვთ. არიან მსხვერპლი ქალები, რომლებსაც თავშესაფრის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ სჭირდებათ სამსახურის მოძიებაში დახმარება, სამართლებრივი კონსულტაცია, ან ფსიქოლოგის დახმარება" – განაცხადა ბექა მაჭუტაძემ.

შეხვედრას პოლიციელი ნანა ხალითბაც ესწრებოდა. მისი თქმით, პოლიციისადმი მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის კუთხით მკვეთრად გაზრდილია.

"ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა უკვე ჩვენ, პოლიციელებს შეგვიძლია. ადრე იყო შემთხვევები, როცა დაზარალებული ქალი არ მოგვყვებოდა სასამართლოში, არ მინდა დამინახონ და სხვებმა გაიგონო. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, ჩვენ მონიტორინგსაც ვახორციელებთ, როგორ იქცევა მოძალადე ორდერის გამოცემის შემდეგ" – აღნიშნა შეხვედრაზე ნანა ხალითბამ.

პოლიციელმა გაიხსენა შემთხვევები, როცა ძალადობის ფაქტს თავად დაზარალებული ქალი მალავდა და ამის მიუხედავად, გამოძიება მაინც დაიწყო.

"ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როცა ქალმა ჩაშავებული თვალის და გატეხილი ცხვირის ფოტო მეგობარს გადაუგზავნა "ფეისბუქით". ეს ფოტო გავრცელდა პირად მიმოწერებში და საბოლოოდ ერთ-ერთმა პოლიციელმაც ნახა. ჩვენ ამ ქალთან მივედით და მან უარყო ძალადობა. თქვა, რომ შემთხვევით დაეჯახა ქმარი. ჩვენ მაინც დავიწყეთ გამოძიება. შემდეგ ფსიქოლოგებმა იმუშავეს და იმ ქალმა აღიარა, რომ ძალადობის მსხვერპლია" – დასძინა ნანა ხალითბამ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის მსხვერპლი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზეც. თავშესაფარში მყოფ ქალებს სხვადასხვა კუთხით გადამზადების პროგრამის გავლა შეუძლიათ.

ძალადობის მსხვერპლი ქალები თავშესაფარში 3-დან 9 თვემდე რჩებიან.