დამოუკიდებელი ინსპექტორის და ეთიკის კომისიის ვიზიტი ქუთაისში

17 მაი 2019

15-16 მაისს, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ორგანიზებით და USAID-PROLoG - ის მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ქუთაისის ოფისში, საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები სტუდენტებს და ადვოკატებს შეხვდნენ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისადმი მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის სპეციფიკაზე, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვის პროცედურებზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლებმა კი სტუდენტებთან და ადვოკატებთან ისაუბრეს ეთიკის კომისიის საქმიანობაზე, ადვოკატის ეთიკურ ვალდებულებაზე და დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე.

შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა.